ბიბლიოთეკა <3

სტივენ კინგი “წელიწადის დრონი”

book_51d6c364ab2b5 მე და სტივენი დიდი ხანია აღარ შევხვედრივართ ერთმანეთს. ეს ჩემი მოუცლელობის ბრალი იყო, ის სულ მეძახდა, მოდი, საინტერესო ამბავი მაქვს შენთვისო. როგორც იქნა მივაღწიე და მანაც თხრობა დაიწყო წელიწადის სხვადასხვა დროს მომხდარი ამბების შესახებ… გაზაფხულით დავიწყეთ. იმედი და გაზაფხული ხომ მარადია… ამბავი შოუშენკის ციხიდან გაქცევის შესახებ იყო. ენდი დუფრეინმა საოცარი მოთმინების უნარით, გონიერებითა და გამართლებით მოახერხა ეს. მისი ამბის მაგალითზე ჩავფიქრდი და აღმოვაჩინე, რამდენჯერ მიწუწუნია სულ მცირე რაღაცაზეც. ენდიმ კი გაქცევას დინჯად და მშვიდად მოაბა თავი. ამას გარდა, ისიც უნდა აღინიშნოს, თუ როგორ უჭირთ ყოფილ პატიმრებს ადაპტაცია გარე სამყაროსთან. თუმცა “ყოფილი” პატიმარი , როგორც ამბიდან ჩანს , არ არსებობს. ის ციხის რეჟიმით ცხოვრობს ისევ, იმავე დროს შივდება, ეძინება და ა.შ.  კინგი დინამიკურად მიყვებოდა ამბავს, მალე ჩამოცხა და გახრწნილი ზაფხულიც დაგვიდგა. ზაფხულის ამბავს უფრო მეტი ყურადღებით ვუსმენდი – ეს ნიჭიერი მოწაფისა და ყოფილი ნაცისტის უცნაური მეგობრობის შესახებ იყო. სტივენმა მითხრა რომ, ბავშვისთვის მთელი სამყარო ლაბორატორიაა. უნდა მიუშვა, თავისით იფუსფუსოს და სამყარო შეიცნოს. თუკი ოჯახში ჯანსაღი გარემოა და ბავშვი მშობლების სიყვარულს გრძნობს, გარე სირთულეებთან შეტაკებასაც ადვილად გაუძლებსო. თუმცა მიშვებულმა ბავშვმა რა შედეგიც გამოიღო, ნახავთ… ამ ამბავში სტივენი ისევ კინგობდა. შემაშინა… დუსანდერის მოგონებები ამოატივტივა და ათასი საზარელი შემთხვევა ახსენა. თუმცა ეშმაკურად გამომხედა და მითხრა: “შემზარავი აზრი კია, ვაღიარებ. საკონცენტრაციო ბანაკებში ისეთი რამ ხდებოდა , რისი გაფიქრება ნებისმიერ ჩვენგანს ახლაც შეუწუხებს გულს. მაგრამ იქნებ გერმანელთა უმოწყალო ქმედებები ჩვენი ცნობიერების ბნელ სიღრმეებს სწვდება და ამიტომაც, ჩვენდა უნებურად გვიზიდავს და გვაჯადოებს? იქნებ იმიტომაც ვუფრთხით ამაზე ფიქრს, რომ სულ სხვა ვითარებაში ჩვენც ასე მოვიქცეოდით, ასეთსავე ბანაკებს ავაშენებდით და ურიცხვ ბოროტებას ჩავიდენდით? შავბნელი ინტუიცია… ბნელ სიღრმეებში ჩასაფრებული უკეთური ნება ზედაპირზე ამოსაღწევად ხელსაყრელ მომენტს ელის…”  ყველაზე საზარელი მოგონება, რომლის გახსენება დუსანდერსაც არ უნდოდა “პეგასუსის ” გამოყენება იყო საკონცენტრაციო ბანაკში. ეს იყო გაზი, რომელიც ადამიანთა ნერვულ სისტემას ანადგურებდა. პატიმრები  ცეკვავდნენ, ხტუნავდნენ და ყვიროდნენ. ბევრი იცინოდა კიდევ. კრუნჩხვებში ვარდებოდნენ, ყელიდან უცნაურად მაღალ ბგერებს უშვებდნენ. ჯარისკაცებმა “პეგასუსს” გალობის გაზი უწოდესო,- იხსენებდა დუსანდერი. ჩვენ ვეღარ გავუძელით მათი აგონიის ცქერას და თვითონვე შევაჩერეთ. ხუთმა ჯარისკაცმა ჩაცხრილა ისინი. ასეთი და კიდევ უფრო საინტერესო, საშიში ამბის შემცველი იყო გახრწნილი ზაფხული… უმანკოების შემოდგომამაც შემოაბიჯა. სტივენმა მიამბო, თუ როგორ გაიპარნენ 12 წლის ბავშვები მათი თანატოლის გვამის საპოვნელად. აქაც გადავაწყდით გვამის შემზარავ სურათს ბუზებიან-ხოჭოებიანად და კინგმა თხრობისას ჩაიცინა. ბავშვების სიმამაცესა და უშიშრობას ხაზგასმით აღნიშნავდა. მათ შეძლეს და მიზანს მიაღწიეს. არ შეუშინდნენ არც მატარებელს, არც წურბელებს და არც ღამის ფრინველის შემზარავ კივილს. მთავარია მათ მოახერხეს და იპოვეს გვამი, რომელიც ცალი თვალით ზეცას აჰყურებდა და თითქოს გახარებულიც, რომ მარტო აღარ იყო, მისი ტოლები მასთან ერთად იყვნენ. ეს მხოლოდ გვამის საძებნელად წამოწყებული მოგზაურობა არ ყოფილა. აქ გამოჩნდა დეტალები, სადაც ფიგურირებდა მასწავლებლის არაადამიანური საქციელი, მშობლების და ძმების სისასტიკე, მეგობრის როლი და მის მიერვე შექმნილი დაბრკოლება. “-მეგობრები. მეგობრები მუდამ უკან გექაჩებიან, ჭაობიდან ამოძრომის საშუალებას არ გაძლევენ. ნუთუ შენ ეს არ იცოდი, გორდი?- თავით ტედისა და ვერნზე მიმანიშნა, რომლებიც იდგნენ და გველოდნენ, თან რაღაცაზე შეშლილებივით იცინოდნენ, -ჰო, მეგობრები… თვითონაც იძირებიან და შენც ფეხებზე გეჯაჯგურებიან. მათ ვერ გადაარჩენ, ისღა შეგიძლია, მათთან ერთად დაიხრჩო”.  რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს სტივენს თხრობისას სიყვარულიც წამოცდა და ლოყები სულ ოდნავ შეეფაკლა, თუმცა არ შეიმჩნია. მითხრა, რომ სიტყვები სიყვარულს მხოლოდ ანადგურებს, მწერალი ვარ სიტყვებით ვირჩენ თავს და ვიცი, რასაც ვამბობო.. აღარ შევედავე… სუსხი ვიგრძენი, გარეთ გავიხედე და თოვდა. სტივმა მითხრა, ზამთრის ზღაპარსაც მოგიყვები და ამით დავასრულოთ დღესო. კარგად მოვკალათდი და ინტერესით სავსე თვალები მივაპყარი. ესეც კინგური ამბავი ყოფილა, კლუბში მოყოლილი, საშობაოდ… ფეხმძიმე ქალზე, რომელსაც მეუღლე არ ჰყავდა და ათასი დამცირება მოელოდა და ექიმზე, რომელიც მონუსხული იყო მისი გამბედაობით, მოტივაციით, რომ ბავშვი ყოფილიყო კარგად და არაფერი მოსვლოდა. ქალმა ლომბარდში 2 დოლარად ნიშნობის ბეჭედი იყიდა, არათითზე გაიკეთა  და სინანულით თქვა , რომ გროშებად შეიძლებოდა ღირსების ყიდვა… ექიმი სუნთქვის მეთოდს ასწავლიდა ქალს, რომელიც მშობიარობის დროს ტკივილს შეუმსუბუქებდა ფსიქოლოგიური გზით. მოთხრობაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ყინულმა და ჰარიეთ უაიტის ქანდაკებამ , კვარცხლბეკზე წარწერით: ” არ არსებობს შვება ტკივილის გარეშე; ხსნა მხოლოდ ტანჯვით მოიპოვება”. რატომ? ჩართეთ კინგური ფანტაზია და მიხვდებით…. თხრობა რომ დაასრულა ჩუმად ვიჯექი და სივრცეს გავყურებდი. ნუ მოიწყინეო , მითხრა, ხომ იცი ამბების თხრობა მომავალშიც გაგრძელდებაო და კინგურად ჩაიცინა…

2 thoughts on “სტივენ კინგი “წელიწადის დრონი””

დატოვე კომენტარი