ბიბლიოთეკა <3

“ოკეანე ქუჩის ბოლოს” ნილ გეიმანი

“-მოზრდილებსა და ურჩხულებს არაფრის ეშინიათ.
-როგორ არა. ურჩხულებიც მაგიტომ ხდებიან”


მაგიური, ტკბილი, საშიში და თან ნამდვილი- ეს ის ზედსართავებია, რომელიც ნილ გეიმანის წიგნების აღწერისთვის დაგჭირდებათ. მწერლის ფანტაზია უკიდეგანოა. არასდროს ვორჭოფობ მისი წიგნის წაკითხვამდე, ნეტავ მომეწონება თუ არაო. “ოკეანე ქუჩის მიღმა” ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ შარშან გამოსცა, მთარგმნელი ლელა გაფრინდაშვილია. საშუალო ზომის წიგნი ისეთ დიდ გრძნობებს იტევს, როგორიცაა მეგობრობა, ერთგულება, თავგანწირვა, სიძულვილი.

წიგნის მთავარი გმირი ბავშვობისდროინდელ ადგილზე ბრუნდება ახლობლის დაკრძალვაზე, თუმცა გზას განაგრძობს და ფეხები თავისით მიიყვანენ შარაგზაზე, სადაც ორმოცი წლის წინ დარბოდა. იხსენებს ამბავს,როდესაც ის შვიდი წლის ბიჭუნაა წიგნებზე გაგიჟებული, რომელიც ჩვეულებრივ ოჯახში ცხოვრობს, თუმცა მალე დიდი ამბები გადახდება თავს. ბიჭუნას ძალიან უყვარს კატები, ისევე, როგორც თვითონ ნილ გეიმანს. ამბავში ვხვდებით სამ კატას, პირველი ფუმფულა შავი კნუტია, რომელსაც მაღაროელი იმსხვერპლებს. ვფიქრობ, ეს შემთხვევითი არაა, ამით ავტორი გვანიშნებს, რომ უდარდელი ხანა დასრულდა ბიჭის ცხოვრებაში და იცვლება ისევე უხეში რეალობით, როგორიც მაღაროელის მოყვანილი ჟღალი კატაა სახელად “მონსტრი”. მესამე კატაც შავია, ყურზე თეთრი ლაქით, ლურჯი თვალებით. ის უეცრად გამოჩნდება ბიჭის ცხოვრებაში, შემდეგ დაიკარგება და ლეთის ამბების შემდეგ ისევ გამოჩნდება. ბიჭი მას “ოკეანეს” დაარქმევს. ლეთიც ხომ ოკეანეში გაუჩინარდება შემდეგში.

ბიჭი შემთხვევით დაუმეგობრდება ლეთი ჰემფსტოკს, რომელიც შარაგზის ბოლოს ჰემფსტოკების ფერმაში ცხოვრობს. ლეთის გარდა შევხვდებით გოგონას დედასა და ბებიას, თუმცა კაც ჰემფსტოკს სახლში ვერ გააჩერებ.

-აქ მხოლოდ სამი ქალი ცხოვრობთ? – ჩავერთე საუბარში, – კაცები არ არიან?
-კაცები? – წამოიკივლა მოხუცმა მისის ჰემფსტოკმა, -ამ ფერმის მოვლა ხუმრობა ხომ არ გგონია? რომელი კაცი გააკეთებს ჩემდენ საქმეს, თან ასე სწრაფად?

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქალები ზებუნებრივი ძალის მატარებლები არიან, მათ ასაკი არ აქვთ. მოხუცი ჰემფსტოკი მანამ გაჩნდა, სანამ მთვარე გაჩნდებოდა. იქნებ ეს სამების ერთგვარი ქალური ვარიანტია? ქალებს აქვთ ფერმა, მყუდრო სახლი და საუკეთესო ყველს ამზადებენ და ჰყავთ ფუტკრებიც. ჰემფსტოკების ფერმა, შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოში ყველაზე დაცული და მყუდრო ადგილია, სადაც უცხოდ არ გაგრძნობინებენ თავს. მათი სახლის ბოლოს პატარა ტბორია, რომელსაც ლეთი ოკეანეს ეძახის. შესაძლებელია ტბორი ოკეანე იყოს? იყოს რა, რატომაც არა. მთავარი ხომ შესაძლებლობებია და არა საზღვრები. ხოდა მკითხველო, კი დაინახავ რა შეუძლია ამ პატარა ტბორს. ბავშვებმა ბევრი იციან, იმდენად ბევრი რომ არაფერს გვეუბნებიან, რომ არ შეგვაშინონ. საინტერესოა , როდის ვკარგავთ ზრდასრული ადამიანები რწმენას, რომ არანაირი ჯადოქრობა არ არსებობს? რომ ზღაპრები ჩვეულებრივი დროის გასაყვანი ამბებია და არც ურჩხულები ცხოვრობენ ჩვენი საწოლის ქვეშ? პატარა ბიჭუნაც შენიშნავს, რომ უფროსები სულ ერთსა და იმავე ბილიკს ტკეპნიან,რა გინდა რომ მოხდეს გზიდან არ გადაუხვევენო.

ანტიგმირი ურსულა მონკტომია, რომელიც რეალური ადამიანი არაა. ისე ცოტა ძნელია განსაზღვრო გეიმანისეულ ამბებში ვინ რეალურია და ვინ არა. მოკლედ, ურსულას სხვადასხვა სახის მიღება შეუძლია. პირველად ლეთიმ და ბიჭუნამ რომ ნახეს ძონძის გროვა იყო, შემდეგ ბიჭუნას ფეხში მატლივით დასახლდა და ძიძადაც მოგვევლინა. თავიდან ურსულა ცდილობდა ადამიანებისთვის ის მიეცა, რაც მისი აზრით მათ გააბედნიერებდა და ურსულაც ფულს აძლევდა. თუმცა ყველა ოჯახში დავიდარაბა სწორედ ფულის გამო ხდებოდა. ბიჭუნას ოჯახში დესპოტი ძიძასავით დაიწყო მოქცევა და ოჯახის დანგრევაც სცადა.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ლეთიმ ბიჭუნა თან წაიყვანა და ძონძის გროვის სახიან ურსულას გადააწყდნენ. ხელი ჩამჭიდე და არ გამიშვა რაც არ უნდა მოხდეს, შენს თავს არავის დავუთმობ,- ეუბნება ლეთი ბიჭს. თუმცა ბიჭს უნებურად ხელი გაეშვება და სწორედ აქ დაუშვებს შეცდომას. აქედან იწყება მთელი უბედურება. უმცროსი ჰემფსტოკი სამაგალითო მეგობარია. მეგობარი, რომელსაც ხელს თუ გაუშვებ დიდი უსიამოვნებები დატრიალდება.

ამბავში შევხვდებით მანდრაგორებსაც, პოტერჰედებს კი გვახსოვს რა ჭირვეულებიც არიან. აქაც იგივე ზნე აქვთ. მათ გარდა შეგვხვდება ავსულები, მწმენდავი ჩიტები, რომლებსაც სამყაროდან ნარჩენები გააქვთ და სწორედ ისინი დაფლეთენ ურსულას. ურსულას ნაწილი კი ბიჭის გულშია მოქცეული და ჩიტები სამყაროს მთლიანად გაწმენდას აპირებენ. ლეთი და ქალები ყველა ღონეს იხმარენ ჩიტების უკან დასაბრუნებად ,თუმცა ისინი ფეხს არ იცვლიან. ბიჭუნა გაიქცევა და ჩიტებიც გაეკიდებიან, თუმცა ლეთი ზედ გადაეფარება და თავს გასწირავს მისთვის. მაგრამ არ გეგონოს რომ ლეთი მოკვდა. სიკვდილი? ჰემფსტოკებს სიკვდილი როგორ ეკადრებათ? ლეთის დედამისი ტბორ-ოკეანეში შეიყვანს და იქ დატოვებს განსაკურნავად. ლეთი მანამდეც რამდენჯერმე გადაარჩენს სიკვდილს.

გავა ორმოცი წელი და ბიჭი ისევ დაბრუნდება ტბორთან. მოხუცი ჰემფსტოკი მოსაღამოვებულზე ჩაის გააწვდის, საუბარში აღმოჩნდება რომ ლეთიმ მოიყვანა აქ. ლეთი კი ისევ ოკეანეშია.

-მე ვფიქრობ, ლეთის აინტერესებს, ღირდა თუ არა.
-რა?
-შენი გულისთვის თავის გაწირვა, -მომიჭრა მოხუმა მისის ჰემფსტოკმა.

-მხედავს, ხომ?
-ჰო, საყვარელო, გხედავს.
-ჩავიჭერი თუ ჩავაბარე?
-როდესაც საქმე პიროვნებას ეხება, ჩაჭრა-ჩაბარებაზე არააა, საყვარელო, არამედ, შედგომა-ვერშედგომაზე.



“ოკეანე ქუჩის ბოლოს” არის წიგნი მშობლებსა და შვილებზე, სიკეთესა და ბოროტებაზე, ზრდასრულებსა და ბავშვებზე და რაც მთავარია ერთგულ მეგობრობაზე.

დატოვე კომენტარი