ბიბლიოთეკა <3

“მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა” ჯესი ენდრიუსი

“მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა” რამდენჯერმე დავიწყე, თუმცა ვერ დავუდე გული და უკან დავაბრუნე წიგნის თაროზე. ხან ზამთრის ქურთუკის ჯიბით მიტარებია (დიდი ჯიბე კარგია), ხან ლექციებზე ჩანთით. მოკლედ, ვერა და ვერ. ზაფხულში ერთერთ ჩასვლაზე თბილისში ახალი მარაგის წამოსაღებად რომ ვიყავი, ავიღე და წამოვაცუნცულე. რთული წასაკითხი აღმოჩნდა, მეზარებოდა, რამდენჯერმე დავაპირე შეწყვეტა, თუმცა არ დავნებდი. ერთ დღეში დავასრულე. გვიან ღამით ამავე სათაურის ფილმსაც ვუყურე და საბოლოო ჯამში მომეწონა. გუდრიდზე სამი ვარსკვლავით შევაფასე.

სიუჟეტი მოკლედ რომ აგიღწერო ასეთია: მთავარი პერსონაჟი გრეგია, დამამთავრებელ კურსზეა და ცდილობს მოხერხებულად შეინიღბოს თითოეულ სტუდენტურ ჯგუფში, რომ სხვა ჯგუფებმა რამე არ იეჭვონ. წიგნში გრეგი ჭარბწონიანია, მღრნელისსახიანი “ლუზერი”, ფილმში გამხარია და არაუშავს რა ვიზუალურად. ბიჭის ურთიერთობა გოგონებთან სულ კრახით მთავრდება. მეექვსე კლასში ლეა კაცენბერგის გულის მოსანადირებლად ეჭვიანობის სტრატეგია შეიმუშავა და საბოლოოდ, რეიჩელ კუშნერთან გააბა რომანი. გოგონას მთელ სამყაროში ყველაზე სასაცილო ბიჭად მიაჩნდა და ეს გრეგის თვითშეფასებას ამაღლებდა. საბოლოო ჯამში, ეს გამოგონილი რომანი ბიჭს მობეზრდება და “წყვილი” დაშორდება ერთმანეთს.

რამდენიმე წლის შემდეგ გრეგის ოთახში დედამისი შემოვა და ეტყვის, რომ რეიჩელს ლევკემია დაუდგინდა. გოგონას დედა ფიქრობს, რომ ბიჭი მისი საუკეთესო მეგობარი იქნება სიკვდილის ბოლომდე. გრეგს დედა სთხოვს, რომ დაურეკოს, მოიკითხოს, მეგობრობა განაახლონ. ბიჭი უარზეა, თუმცა დედის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ რეკავს. ბევრი რომ არ ვიბოდიალო, გეტყვი, რომ რეიჩელს ქიმიოთერაპიისთვის საავადმყოფოში დააწვენენ. გრეგი იქ ყოველდღე მიდის და გოგონას თავისი სულელური ხუმრობებით ართობს. გრეგს ჰყავს მეგობარი ერლი. შეიძლება ითქვას, პარტნიორიც კი , სარეჟისორო საქმეში. ისინი ფილმებს იღებენ. ერლი რეიჩელს გაუმხელს ამის შესახებ, არადა აქამდე ამ ამბავს საიდუმლოდ ინახავდნენ ბიჭები. გოგონას მოეწონება. მათი სექსუალური კლასელი კი ჩააგონებს გრეგს, რომ ერთი ფილმი თვითონ რეიჩელს მიუძღვნან. რამდენიმე მცდელობის შემდეგ ჩაწერენ სამოყვარულო ვიდეოს, ფილმში ეს ვიდეო ბევრად უფრო შთამბეჭდავადაა წარმოჩენილი.

რეიჩელთან ურთიერთობისას გრეგი ყოველთვის აღნიშნავს, რომ მასთან არანაირი სითბო და სიახლოვე არ აკავშირებს . ამბობს, რომ მასთან თავს უფრო სრულყოფილად გრძნობს, რადგან გოგონა გულიანად ხალისობს მის ხუმრობებზე.

ფილმში წყვილის ურთიერთობა უფრო შთამბეჭდავია. წიგნის გრეგი ბევრად ცივია.

არ ვიცი რამდენად მომეწონა ან არ მომეწონა, ურთიერთგამომრიცხავი გრძნობები აღძრა ჩემში წიგნმა. ფაქტია, მომაკვდავ გოგონა რეიჩელს ცხოვრება შეძლებისდაგვარად გაულამაზეს. ჩვენ ყველა მომაკვდავები ვართ, ლევკემიით თუ მის გარეშე, სარკომით თუ უსარკომოდ. რა იქნება ერთმანეთს ისე ვექცეოდეთ, თითქოს ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყოს?!

გამომცემლობა : Palitra L
მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე

დატოვე კომენტარი