ბიბლიოთეკა <3

წერილი ყამარს (ელის დოჯსონი “ამ მთისა და იმ ბარისა”)

IMG_8579
ყამარ ქალო… ყამარ.. ყამაროო!.. ჩემი სალამი მტვრიანი თბილისიდან. დახუთული ქალაქიდან. როგორი ახლობელი გახდი ამ ათობით გვერდის კითხვისას. როგორ შემაყვარე აღათო და როგორ გამეჩხირა ყელში ბურთი წიგნის დასასარულს.. ყამარ, მართალი ხარ, წერილის წერა არ ყოფილა იოლი საქმე. აი ფურცელს და კალამს რომ აიღებ და წერ მაშინ, თორემ კლავიატურაზე, სენსორზე თითქოს თითები თავად იგნებენ გზა-კვალს..

108479687_800828653787116_8839904318588472048_n

ყამარ ქალო, მთაში მეც ვარ ნამყოფი, მეც შემომივლია ჭალები, მაგრამ მარტოს არა. არასდროს მქონია მაგდენი გამბედაობა, რამდენიც შენ გამოიჩინე. იცი, ასე მგონია, მთა ყოველთვის გველოდება, რომ ჩამოგვრეცხოს ავი ფიქრები, გატანჯული და ნათენები ღამეები. მთაში სხვაა ცხოვრება, არც მე მაინტერესებდა საათი, ტელეფონს მხოლოდ ფოტოაპარატად ვიყენებდი. “ნესკაფე გოლდს” პიტნისა და თავშავას ჩაით ვანაცვლებდი. როგორი არომატულია.. ქალაქშიც წამოვიღე და ვცადე დალევა, მაგრამ სულ სხვა გემო ჰქონდა.

ყამარ, უბებიობა ძნელია. ძალიან ვწუხვარ რომ ასეთი ავი ბებოგყავდა. თუმცა როგორი კარგი ადამიანი შეგხვდა აღათოს სახით. ნამდვილ ბებოზე ტკბილი. აღათო ბრძენი ქალი იყო, როგორც შენ მომიყევი. როგორი ჰუმანური, გამგები. ერთი ბებია დამრჩა ცოცხალი და მას შემდეგ რა მეშველება არ ვიცი. უბებიობა ძნელია!
IMG_8576
“მიტოვებულ სახლებს სწრაფი ნაბიჯით ჩავუარე და მათ, ცოტა არ იყოს, კრძალვით, შიშით გავხედე. დღისით, მზის შუქზე არა უშავდათ, აი, საღამოს… ლაპარაკი რომ შეძლებოდათ, ხმა რომ ჰქონოდათ ამ სახლებს, მათი ტირილი მთებში ექოდ გაისმებოდა; ნაკელითა და მდინარიდან ამოზიდული ქვით ნაშენი კედლები, ვინ იცის, კიდევაც ტირიან განსვენებულ ამშენებლებზე ან იმ წასულ პატრონებზე, ბარში, ბეტონის სახლებში რომ გაცვალეს ისინი. ახლა რა უჭირს, მზეა, დღეა და სხივი ათბობთ. მაგრამ ღამე? იქნება და, ქარს ატანენ ხმაურად თავიანთ წუხილს. სახლებს სცივათ… უადამიანობა სცივათ.” 
მე რაჭიდან ვარ, ყამარ. არაა მაღალმთიანი და მიუვალი ადგილი, თუმცა იქაც ალაგ-ალაგ ბჟუტავს ღამით სინათლე. იქაც იმდენი მიტოვებული სახლია, რომ გული მოგეწურება. რამდენი უსახლკაროა ქვეყნად და რამდენი მიტოვებული სახლი.. რაჭაში კარის მეზობელი გვყავდა, ოქრო ბაბუ. ჭინკებზე და ალებზე მიყვებოდა ამბებს. მეც თვალებგაფართოებული ვუსმენდი ამბებს და ღამით რიონის პირას ალების სიმღერას ვაყურადებდი.

ყამარ, ღვთისოსნაირი კაცი რაჭაშიც დადიოდა. ვინ იცის იქნებ მეც გადავყრივარ ოჩოპინტრეს. მართალი იყო ღვთისო რომ ამბობდა “ესმის ცხოველს კაცის გულისთქმა, ოღონდ კაცს აღარ ესმის მისი , ადამიანს უკვე არაფრის აღარ ესმის, თავისი თავისაც კი.”

ყამარ, ყამარ.. როგორ მომანატრე მთა. გპირდაბი, როცა რაჭაში წავალ, აუცილებლად წაგიყვან თან და გაჩვენებ ჩემს სამშობლოს. იქაც გაისმის აღათოსნაირ შემორჩენილ მოხუცებთან დევებისა და ჭინკების ამბები. ერთად მოვუსმინოთ.

შენი მთის ამბებით აღფრთოვანებული ანა.

IMG_8580

 

1 thoughts on “წერილი ყამარს (ელის დოჯსონი “ამ მთისა და იმ ბარისა”)”

დატოვე კომენტარი