ბიბლიოთეკა <3, თბილისური ამბები

“მოსიარულე გაკვეთილები” ლელა კოტორაშვილი

117195071_625064811720782_4310240870002306626_n
ჩემ ბიბლიოთეკაში ყველა წიგნს თავისი ისტორია აქვს. ზოგი ლამაზი ყდით იმშვენებს თავს, ზოგი მეგობრმა, მამამ, ბაკომ ან ლუკამ მაჩუქა, ზოგი ალალბედზე (და გთხოვთ არა “რენდომად”) ვიყიდე, ზოგი კი ახლობელმა ან უცხო ადამიანებმა მირჩიეს. წიგნი, რომლზეც დღეს გესაუბრებით ლელა კოტორაშვილის  “მოსიარულე გაკვეთილებია”. ჩემმა ლამაზმა  მეგობარმა, ანუკიმ მირჩია, ლელა კოტორაშვილი ორ შვილთან ერთად წავიდა მთაში მასწავლებლად,  თან დააყოლა რაჭაზეაო. ჰოდა წიგნიც ვიყიდე. მას შემდეგ ერთი წელი თაროზე მელოდებოდა. ერთხელაც დაუფიქრებლად დავავლე ხელი და თიანეთში წამოვაცუნცულე. იმედი არ გამცრუებია.
კითხვაზე, თუ რატომ მომეწონა ასე ძალიან წიგნი, რამდენიმე პასუხი მაქვს. პირველი ის, რომ მე რაჭველი ვარ. ყოველ ზაფხულს მივდიოდით რაჭის ულამაზეს სოფელ კვაცხუთში დასასვენებლად, ავდიოდით შოვსა და უწერაში.

74490503_2515981408521788_3684568657016389632_n
რაჭა. სოფელი კვაცხუთი.

ვსვამდით მჟავე წყალს და ვწვებოდით ნაძვების ჩრდილში. რაც დრო გადის და  ვიზრდები, კიდევ უფრო მეტად მიყვარდება ჩემი მშობლიური კუთხე, ჩემი სოფელი და წელს რომ არ წავიდე , ალბათ მონატრება მომკლავს 😦 . ბოლოს რაჭაში 2013 წელს ვიყავი.

ჩემდა სამარცხვინოდ, უნდა ვთქვა, რომ რაჭული ტრადიციები, წეს-ჩვეულებები არ ვიცი. ლელას წიგნიდან გავიგე მელამელაობის,  ჩიტაფაფაობის, შაკიკისა და მუცლის ტკივილის  მკურნალობის ადგილობრივი მეთოდების შესახებ.

uwera
უწერა

“მელამელაობა”  დიდმარხვის დაწყების  წინ, კვირა დღეს, იმართება. ქრისტიანები ამ დღეს შენდობის კვირას უწოდებენ და მიტევებას ითხოვენ, ჩვენს სოფელში კი პარალელურად მელამელაობას აღნიშნავენ. ტრადიციულად  სოფელი იკრიბება  და ტყეში მიდიან, სადაც  ბოხჩუანები  (ოთხკუთხედი ფორმის ლობიანი ან ხაჭაპური)  მიაქვთ, ატეხავენ კუთხეებს  და ისვრიან, თან შემდეგ სიტყვებს ამბობენ: „მელა, მელა კურკუმელა, წინ მამალი, უკან მელა“ , ან მოტეხილ კუთხესთან ერთად ტყის სიღრმისკენ ისვრიან სიტყვებს – ეს მელას, ეს ტურას, ეს მგელს –  და ამ სიტყვებით  ცდილობენ  ცხოველების  „დაპურებას“, რათა  მათ შინაურ ქათმებს მშვიდად არსებობის უფლება მოუპოვონ. რაჭველებს  დიპლომატიური ხრიკი მოუგონებიათ ცხოველების თვალის ასახვევად”.

Opera Snapshot_2020-08-05_054634_georgiantravelguide.com

შოვი

“ჩიტაფაფაობა“ ყველიერის შაბათს სრულდება, რომლის მიზანია დამწიფებული ყანის გადარჩენა ფრინველისა და ნადირისგან. ამზადებენ ერბოიან ფაფას, ფაფიან ჯამს დიასახლისი დაიკავებს და სახლის კარში დადგება. ბავშვები ეზოში შესძახებენ: „დედა, რასა შვრები?“ ამაზე დედა უპასუხებს: „ჩიტაფაფასა!“ ბავშვები კვლავ შეეკითხებიან: „ვისა და ვის აჭმევო?“ დედა უპასუხებს: „შენ და შალვასა და გამრეკელასაო.“ დედა: „ჩიტები სად არიან?“ ბავშვები: „დავითიახოსა!“ ამ სიტყვების შემდეგ დედა ფაფიან ჯამს ბავშვებს გადასცემს. ბავშვები იღებენ ჯამიდან ფაფას, გაუსვამენ სახლის კედელს და ამბობენ : „ ეს ბეღურას, ეს ყვავს, ეს ქორს, ეს დათვს, ეს მგელს“ და ა.შ.

“ლილი მასწავლებელმა,  ტყემლის ტყლაპო შემოიხვიოს თავზე და თან ეს შელოცვა თქვასო:  შაკიკი შემოპარულა, სათიბისა ძირასაო, ისე ჭამდა რკინასაო, როგორც ხარი თივასაო, გაუწყრა წმინდა გიორგი, გაიპარა დილასაო.”

“ძველად კი, რაჭაში, როცა პატარას მუცელი ასტკივდებოდა, დედა მუცელზე ხელს უსვამდა და ეუბნებოდა: “მუცელო ქეცი, ქეცი, წადი და კედელს ეცი. რა არის შენი წამალი? გახურებული კეცი”.

კიდევ რამდენ ტრადიციასა და შელოცვებს ინახავს ეს დალოცვილი კუთხე და არ ვიცი. ნამდვილად სირცხვილია!

მეორე პასუხი კი ისაა, რომ პროფესიით დაწყებითი განათლების პედაგოგი ვარ. მართალია, სკოლაში არ მიმუშავია, მხოლოდ საცდელი გაკვეთილები ჩამიტარებია და მასწავლებლის დამხმარე ვყოფილვარ, მაგრამ როგორც ჩემი წამალა მასწი ამბობს, ერთხელ რომ შეისუნთქავ ცარცის მტვერს, იქ დამთავრდა ყველაფერიო. 117168992_307118643679533_895598374099369352_n
რამდენად დიდი ენერგიაც მიაქვს სწავლებისა და აღზრდის პროცესს, იმდენად დიდი მუხტი გიბრუნდება თან ბავშვების სიყვარულით გაჯერებული. “თუ ბავშვებთან სიყვარულით გააკეთებ ნებისმიერ რამეს, ისეთი ცეცხლის დანთება შეგიძლია მათ გულებში, რომ მზესავით გაგინათებს სამყაროს”. 

ტოროლა არასდროს ვყოფილვარ, ბუ და ჭოტი უფრო შემეფერება. დილის ძილზე მეტად მგონი არაფერი მიყვარს, მაგრამ პრაქტიკების პერიოდში ფიზიოლოგიური მაღვიძარა 6 საათიდან 7 საათამდე შუალედში მაღვიძებდა და მშვენივრად ვგრძნობდი თავს. რამდენჯერმე დამათენდა გაკვეთილისთვის პოსტერების ხატვაში, მაგრამ არც ეგ მანაღვლებდა.

 

This slideshow requires JavaScript.

მოკლედ რომ ვთქვა, ჩემი საქმე მომწონდა და მიყვარდა. უნივერსიტეტში პედაგოგიკის შესწავლა დამეხმარა ჩემს შვილთან ურთიერთობაშიც.  აღზრდა რთული და მიზანმიმართული პროცესია. უნივერსიტეტში გავდლილი მასალა ლელასაც დახმარებია:
“როგორც კი პედაგოგიკაში გავერკვიე, მას შემდეგ მყარად მქონდა გადაწყვეტილი, რომ თეკლას სკოლაში შვიდი წლის ასაკში შევიყვანდი და გავუხანგრძლივებდი თამაშის პერიოდს. რომ არა ჩემი პროფესია, ალბათ, მეც სხვა დედების მსგავსად თეკლას სკოლაში შეყვანას 5-6 წლის ასაკში მოვისურვებდი. წინასწარ ვასწავლიდი წერა-კითხვას, ინგლისურ ანბანს და ათას რამეს. მე ვერ მოვიწონებ თავს ჩემი შვილის ამგვარი მიღწევებით, რადგან ზუსტად მაქვს გაცნობიერებული, რომ ზედმეტ ინფორმაციას ისევე უნდა მონელება, როგორც საკვებს. მოუნელებელი განცდები კი ჩამოუყალიბებელი ფსიქიკისთვის საზიანოა”

მე სკოლაში 5 წლის შემიყვანეს და ოქტომბერში შემისრულდა 6 წელი. წინასწარ ვიცოდი წერა-კითხვა და ანგარიში. სიახლე არ დამხვედრია სკოლაში და ძალიანაც გამიცრუვდა იმედი. არადა, რევაზ ინანიშვილის მეუღლე, როზა მასწავლებელი იყო ჩემი პირველი დამრიგებელი.

341167_273362166025581_2084535742_o
ფოტოზე მარცხნივ ქალბატონი როზა ელიოზაშვილი. ჩემი პირველი დამრიგებელი. 

“მოსიარულე გაკვეთილების” წაკითხვა წაადგებათ მასწავლებლებსაც, რადგან ავტორს ბევრი ახალი ხერხი უცდია ეფექტური სწავლებისთვის. მაგალითად, როგორიცაა დიორამა, ლიტერატურული კაფე (რომელშიც თითქმის მთელი სკოლა იყო ჩართული). კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურიდან უამრავ წიგნს აღმოაჩენთ. მეც მოვინიშნე ჩემთვის წასაკითხი სია. დღიურის ამბავიც გამოსადეგია, როგორც სკოლაში ისე ნებისმიერი წიგნის ჭიისთვის. ხშირად დამვიწყნია წაკითხული წიგნიდან პერსონაჟი, ან მოქმედების ადგილი. დღიური კი სწორედ რომ მისწრებაა და სახალისო გასაკეთებელიც.

ლელა “ვეფხისტყაოსნის” სწავლების თავისებურ მეთოდს გვთავაზობს.“ხშირად  ამბობენ და დავობენ იმის შესახებ, უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლაში. მე კი მგონია, რომ ბავშები ჩვილობიდან უნდა შევაჩვიოთ მის საოცარ სამყაროს და მასთან  მისასვლელი გზების გაკვალვაში დავეხმაროთ. სიღრმისეული გააზრების დრო მერე დაუდგებათ, როცა ცხოვრებისეული გამოცდილება დაუგროვდებათ. მანამდე : 1. ვუამბოთ, როგორც ზღაპარი. გაგეფიქრებათ, რომ ეს არ არის ადგილი რამ. გეთანხმებით. ზღაპრად გადაქცევამდე ჩვენ მოგვიწევს პოემის ხელახლა წაკითხვა. 2. დროდადრო ვიკითხოთ ხმამაღლა: ყველასთვის ცნობილია, რომ რიტმის შეგრძნება ბავშვის ნორმალური  განვითარებისათვის აუცილებელია.” რაც სკოლა დავამთავრე, მას შემდეგ კიდევ უფრო ღირებული გახდა ჩემთვის ეს წიგნი. ხშირად ამიღია და შემთხვევით გადაშლილ გვერდზე წამიკითხავს სტროფები. როგორი მუსიკალური და დინამიური წასაკითხია..

თავისი შეხედულება აქვს ლელას ქართულ-ხალხურ ზღაპრებზეც, რომლებსაც ამ ბოლო დროს საზოგადოების გარკვეული ნაწილი ალმაცერად უყურებ. ფიქრობენ, რომ ბავშვის ფაქიზ ფსიქიკას დააზიანებს გველეშაპებისა და ცხრათავიანი დევების თავის შუაზე გაპობის ამბები. ავტორის აზრს ვიზიარებ, როდესაც წერს რომ, “მაინც ვფიქრობ,  რომ ხალხური ზღაპრები ერთგვარი მზადებაა ცხოვრებისეული სირთულეების გადასალახავად, სადაც სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს და ბავშვის გულს სიმშვიდე და იმედი ეუფლება”.
10582955_509263032538677_8646308822328260200_o
მგონი, თქვენთვის არ მომიყოლია, რომ ჩემი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ხელნაკეთ ნივთებს ვამზადებდი. კარგი მიგნება აღმოვაჩინე ლელასთან, როდესაც ხელნაკეთ თოჯინებზე წერდა, ხელნაკეთ თოჯინას  მისი ინდივიდუალიზმი ახასიათებს, ერთადერთობა და განუმეორებლობა. ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ აუცილებელი არ არის, ზუსტად მისი მეგობრისნაირი სათამაშო ჰქონდეს.  ხელნაკეთი თოჯინის  შექმნის პროცესში ჩაბმა ბავშვს  ინდივიდუალიზმსა და გემოვნებას განუვითარებს, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას ასწავლის, რაც მის პიროვნებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. შეკერილი თოჯინების უპირატესობად ლელა წერს: “პლასტმასის სათამაშო ცივია და შეხებისას სიცივე რჩება ბავშვს თითებზე, ნაჭრის თოჯინა კი შეხებისას თბილია და დადებითი ენერგეტიკის მატარებელია”.

thd11
წიგნი საკმაოდ მოცულობითია, თუმცა კითხვისას მობეზრებისა და დაღლის გრძნობა არ გამჩენია. უწერის ნაძვების სურნელი მიღიტინებდა ცხვირში და რიონის შრიალი ჩამესმოდა. თითოეული ბავშვი დამიახლოვდა, გეგონება მეც ვიცნობდი მათ. ლილი მასწავლებელთან ინტერვიუს დროს თითქოს მეც იქვე ვიჯექი:
“-რას გვირჩევთ ახალგაზრდა მასწავლებლებს?

-მთელი გულით იმუშავეთ. გიყვარდეთ ბავშვები”.

რამდენიმე დღე გავიდა რაც დავასრულე კითხვა და დღესაც ემოციებით სავსე ვარ. საოცარი ადამიანია ლელა, რამდენ ფერად დღეს დაკარგავდნენ ბავშვები მის გარეშე, რამდენ სიამოვნებას მოიკლებდნენ იმ წაუკითხავი წიგნებით?!  მართალია როხა წერს, რომ ადამიანებს დიდი ამბების დატრიალება შეგვიძლია ერთმანეთის ცხოვრებაში და იმდენად მნიშვნელოვანი ვართ ერთმანეთისთვის, რომ გააზრებაც გვიჭირს.

დასკვნაც ასეთია “ყველაზე  დიდი ცხოვრებისეული გამოწვევაა, გიყვარდეს ადამიანები ყველანაირები: სუსტები და ძლიერები, ლაჩრები და მამაცები, თავმდაბლები და თავმომწონეები, ერთგულები და ორგულები… გიყვარდეს ყველა თავისი ღირსებითა და ნაკლით, რადგან ეს ყველაფერი ცვალებადია. რომ შენ ხარ ის სითბო, რომელიც აკლია სხვას და პირიქით”

მომავალ ბლოგამდე, დროებით!

დატოვე კომენტარი