ბიბლიოთეკა <3

შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ

70-იან წლებში ფოსტის სერვის ცენტრს, რომელიც მდებარეობდა დალაგატანისა და ოდენგატანის ქუჩების კვეთაზე, მეტად აქტიური მუშაობა ჰქონდა. ამის მიზეზი კი ერთი მოხუცი ქალბატონი გახლდათ, რომელიც ისე გამოიყურებოდა, როგორც სხვა მრავალი ბებია, რომელსაც შესაძლოა ქუჩაში შეხვდეთ, სკვერში, მაღაზიაში, ან ნებისმიერ სხვა ადგილას.


მრავალი წლის განმავლობაში მოდიოდა წერილებით დატვირთული ფოსტალიონი ამ ქალბატონთან ყოველდღიურად. ხოლო საიუბილეო წლებში – 1977, 1987 და 1997 წლებში იმდენი წერილი გროვდებოდა, რომ ფოსტალიონი დალაგატანის 46 ნომერ ბინის კარზე ყუთებითა და ამანათებით დახუნძლული აკაკუნებდა. მოკითხვა მოდიოდა მსოფლიოს ყველა კუთხიდან. მას შემდეგ, რაც კონვერტებს გახსნიდნენ და წერილებს წაიკითხავდნენ, ჩაალაგებდნენ ყუთებში და აჰქონდათ სხვენში. წერილებს შორის რას არ შეხვდებოდით, ბავშვების მხიარულ მოკითხვებსა და ფერად ნახატებს, სამეფო დამღით დაბეჭდილ წერილებს, საყვარელი ავტორის ავტოგრაფის თხოვნებს და ა.შ.

უმეტესი ნაწილი ასტრიდის შემოქმედებით აღფრთოვანებულ მკითხველს ეკუთვნოდა. ვხვდებოდით ისეთ მიამიტ შეკითხვებს, როგორებიც იყო: “ასტრიდ ლიდნგრენ, მართლა ჭამენ ცხენები ნაყინს?” “ასტრიდ ლინდგრენ, ჩემს გოგონას ბოთლით წერილი რომ გავუგზავნო ციხიდან, მიიღებს?” “ასტრიდ ლიდნგრენ, ჩემს კომპანიას “კარლსონი სახურავზე” რომ დავარქვა, საავტორო უფლებებს დავარღვევ?”

2002 წლის იანვრამდე ასტრიდ ლინდგრენმა 75 000 წერილის მიღება მოასწრო. ისინი ახლა შვედეთის სამეფო ბიბლიოთეკის არქივში ინახება. ასტრიდმა ინტენსიურად წერილების მიღება “პეპი გრძელიწინდას” გამოსვლის შემდეგ, 40-იან წლებში დაიწყო. მას შემდეგ, რაც 70-იან წლებში ლინდგრენმა მუშაობა შეწყვიტა და პენსიაზე გავიდა წერილების ტალღა ცუნამად გადაიქცა, ხოლო 80-იან წლებში იძულებული გახდა მდივანი აეყვანა.

ასტრიდ და სტურე ლინდგრენების ქალიშვილი კარინ ნიუმანი იხსენებდა, რომ მკითხველები არა მხოლოდ წერდნენ ასტრიდს, არამედ რეკავდნენ ტელეფონზე და სახლშიც კი აკითხავდნენ მას, თუნდაც უბრალოდ ხელის ჩამოსართმევად და მადლობის სათქმელად. წერილების ავტორთა უმეტესობას ახალგაზდები შეადგენდნენ, რომლებიც კეთილ მეზღაპრეს დახმარებას სთხოვდნენ. “გერმანიაში ძალიან ბევრი უბედური ბავშვი და მოზარდი იყო, რომლებიც ელოდნენ სამშობლოს დატოვებას და შვედეთში ჩამოსვლას, რომლის შესახებაც წაკითხული ჰქონდათ ასტრიდის წიგნებში. ბედნიერ ადგილებზე, ისეთებზე, როგორიც იყო ბიულერბიუ და სალტკროკი. ასტრიდი ცდილობდა რამენაირად დახმარებოდა მათ, ვინც მასზე ცუდ დღეში იყო, თუმცა მას არ შეეძლო ამ პრობლემას გამკლავებოდა და ეს აბრაზებდა მას”-წერდა მისი ქალიშვილი, კარინ ნიუმანი.

ყველაზე ხშირად, სევდიანი წერილების ფონს მძიმე ოჯახური მდგომარეობა წარმოადგენდა. მაგალითად, 1974 წ ერთმა გერმანელმა გოგონამ ასტრიდს დახმარების თხოვნით მიმართა. მწერლის წიგნებით აღფრთოვანებულმა, ისწავლა შვედური ენა და თავის წერილში მოუყვა მამამისის შესახებ, რომელიც თავისი ავი ზნით ატერორებდა მთელ ოჯახს და იმდენად შორს შეტოპა, რომ საყვარელი მოიყვანა სახლში, რომელიც ისე ცხოვრობდა, თითქოს არაფერი ხდებოდა. ლინდგრენმა გონებიდან ვერ ამოიგდო ეს წერილი, მასზე უამბო ერთ მეგობარს, რომელთანაც მრავალწლიან მიმოწერას აწარმოებდა. ასტრიდი წერდა:

“როგორც ჩანს, მთელ გერმანიაში ადამიანი არაა, ვისაც მიმართავდა. საბოლოო ჯამში, მან ცხოვრებას გემო დაუკარგა, არ იცის რა უნდა, მალე კარგავს ყველაფრის ინტერესს. ვფიქრობ, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, მაგრამ არანაირად არ შემიძლია დავუახლოვდე, არც კი ვიცი როგორ დავეხმარო. ღმერთო, რამდენი უბედურებაა ამქვეყნად..”

არქივში ინახება 50 სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილი წერილი. ზოგი ზემოთხსენებული გოგონას წერილს წააგავს, ზოგი რჩევაა, ზოგი თხოვნა, რომ ბებია ასტრიდი დაეხმაროს თეატრალური როლის მიღებაში. მთავარი როლის დამტკიცებაზე ოცნების შესახებ, ბევრ სხვა წერილთან ერთად, ასტრიდ ლინდგრენის საფოსტო ყუთში, დალაგატანის 46 ნომერში, წერილი 1971 წელსაც ჩავარდა. ეს წერილი გამოგზავნილი იყო 12 წლის სმოლანდელი სარასგან.

გოგონა თხოვდა, რომ სპექტაკლში მთავარ როლზე დასამტკიცებლად შუამდგომლობა გაეწია. აკრიტიკებდა “პეპი გრძელიწინდაში” მონაწილე მსახიობ ბავშვებს. ასევე იწუნებდა “ემილის თავგადასავალის” ილუსტრაციებს. მართალია, გოგონა საკმაოდ თავდაჯერებული ჩანდა, თუმცა რეალურად მოკლებული იყო ამას.
ასტრიდმა როგორც ვიგებთ მკვახედ უპასუხა, რასაც სარას ცხარე რეაქცია მოჰყვა. სარამ ნაკუწებად აქცია წერილი და უნიტაზში ჩარეცხა. მოგვიანებით, გააანალიზა ყველაფერი და ასტრიდს მოსაბოდიშებლად მიწერა, აუხსნა რომ ადამიანებზე ყოველთვის სხვადასხვა შთაბეჭდილებას ტოვებს ხოლმე. რეალურად ისეთი არაა, როგორიც ჩანს. არ ვიცი, როგორი ძაფის ბოლო დაიჭირა ასტრიდმა ამ წერილში, მაგრამ აქედან დაიწყო 80 მდე წერილისა და წლების მანძილზე გაბმული ურთიერთობის ისტორია. ამბავი, რომელიც არა მარტო სარას დაეხმარა უკეთ ცხოვრებაში, არამედ მეც, შენც და ყველას ვინც ამ წიგნს წაიკითხავს. სიმართლე გითხრათ, აქამდეც მიყვარდა ასტრიდ ლინდგრენი, მაგრამ ახლა სულ სხვა თვალით დავინახე, მეტად ჩავუღრმავდი მის პიროვნებას და მთელი ინტერნეტი გადავატრიალე მასზე ინფორმაციის მოძიებაში. აღმოვაჩინე ასტრიდის დღიურები, ზოგ გამოცემაში ჰქვია “მსოფლიო შეიშალა”, ზოგში “ომის დღიურები” . ინგლისურად ვაპირებდი წაკითხვას და ვუალა! არტანუჯმა სულ მალე გამოვაოო. ვნახე ბიოგრაფიული ფილმი და ცრემლიც ვღვარე, მოკლედ ასტრიდმა მოიცვა მთელი ჩემი გონება.

წიგნის დასაწყისშივე ვხედავთ, თუ როგორ უნდოდა 63 წლის მწერალს დახმარებოდა 12 წლის სარას, სურდა გაეგო რამ გამოიწვია მოზარდის ასეთი წარმოდგენა საკუთარ თავზე. ასტრიდი იმითაც დაინტერესდა, თუ რატომ არ ჰყავდა მეგობრები სარას, აღნიშნავდა, რომ გოგონა ძალიან მგრნობიარე ბუნების იყო და აინტერესებდა, თუ როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება, “ოღონდ არა ისე, როგორც მეცნიერები აკვირდებიან ხოლმე ობიექტს” – მუდმივად აღნიშნავდა ლიდნგრენი.



16 წლის სარა იუნგკრანცი.


ასტრიდის გამოგზავნილ ყველა წერილს სარა ლეიბის ქვეშ საიდუმლოდ ინახავდა. ეს იყო მრავალწლიანი მიმოწერა, სადაც ასტრიდი იყო როგორც მრჩეველი, ისე მეგობარი და თანატოლი. სარა წერდა, რომ თავს უშნოდ და მახინჯად გრძნობდა, ასევე სულელად, რაზეც პასუხად იღებდა “სარა, ჩემო სარა” (გვახსენებს რა, “მიო, ჩემო მიო”). “შენ მწერ, რომ თავს საშინლად გრძნობ, უშნოდ, სულელად და მოსაწყენად. ეს კი ასე არაა, მე დანამდვილებით ვიცი. მე ამას შენი წერილებიდან ვხედავ. შენ ისეთი მგრძნობიარე ხარ.. როცა მე 13 წლის ვიყავი, ამ ასაკში მეც ვთვლიდი, რომ საშინლად მახინჯი ვიყავი და არასდროს არავინ შემიყვარებდა. მაგრამ, იცი, დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც მეჩვენებოდა”. რამხელა სტიმულია ასტრიდისგან ასეთი სიტყვების მოსმენა.

მიმოწერა ინტენსიური 1973-74 წლებში ხდება, როცა ასტრიდი “ძმებ ლომგულებს” გამოსცემს. ამ პერიოდში იგი კარგავს ახლობელ ადამაინებს, მათ შორის ძმასაც. თუმცა დროს უთმობს თინეიჯერ სარას. მწერალი ხშირად უგზავნიდა წიგნებს გოგონას, სარაც -თავის ჩანახატებს. მწერალი სარასთვის ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც ნამდვილად ენდობოდა. უყვებოდა, თუ როგორ შეუყვარდა თავისი მასწავლებელი, როგორ უჩვენა თავის ახალ კლასელს ღრმა ნაფაზის “დარტყმა”. ამაზე ასტრიდისგან ვრცელ პასუხს იღებს, თუ რა ცუდია მოწევა და რა კვალი შეუძლია დატოვოს მის ორგანიზმზე. “ახლა შენი ფილტვები, და იმედია, ზოგადად მთელი ორგანიზმი, ყველაზე ჯანმრთელი და ძლიერია. ამ ორგანიზმს მთელი ცხოვრება უნდა მოუარო, სხვა აღარ გექნება, შეიძლება ძალიან დიდხანს იცხოვრო. მაგრამ როგორ იცხოვრებ, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ეპყრობი შენს ორგანიზმს.” ასტრიდი ჰპირდება, რომ თუ სარა 20 წლამდე არ მოწევს დაბადების დღეზე 1000 კრონას მიიღებს საჩუქრად, ღმერთო რა მაგარია.

სარა უყვება იმაზე, თუ როგორ ეშინია სიბნელის და აღნიშნავს, რომ “ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, მაშინ იტიროს, როცა მოუნდება და ისე რომ ამის გამო ალმაცერად არავი შეხედოს, ვოცნებობ, რომ ტირილიც ისეთივე ბუნებრივი მოვლენა იყოს, როგორც სიცილია. ტირილი კი ისეთი რამეა, რომ მგონი, უნდა გიხაროდეს თუ ადამიანს ტირილი შეუძლია”

ამის პასუხად ვკითხულობთ: “ტირილზე ისეთი ჭკვიანური რამ თქვი, რომ ვნატრობ, ნეტა მე მეთქვა -მეთქი, ჰა-ჰა! (ჩაცინების მოსამენად გადადი ბმულზე და გადაახვიე 4: 48) რატომ არ უნდა იტირო ვითომ? ტირილის მეშვეობით ადამიანი მთელი იმ დაძაბულობისგან თავისუფლდება, რომელიც შიგნით უგროვდება”.



1976 წელს , სარა წერს, რომ წაიკითხა ასტრიდ ლიდნგრენის ტრილოგია “კატი ამერიკაში” საფრანგეთში და იტალიაში. “როცა კატიზე ვკითხულობ მოგზაურობისა და სიცოცხლის სურვილი მიძლიერდება (ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ). თუმცა, ჩემი აზრით, წიგნში ცოტა “გაზვიადებულია” ის ფაქტო, რომ თითქოს მოგზაურობა ძალიან მარტივი და სახალისო ამბავია. თუ , ასე იმიტომ წერ, რომ შენს ახალგაზრდობაში მართლაც ასე იყო?” პასუხად კი იღებს: “ამასწინათ, ერთ ძველ წერილში პატარა ფურცელი ვიპოვე, რომელზედაც დაახლოებით შენს ასაკში რომ ვიყავი, ასეთი რამე დამიწერია: Life is not so rotten as it seems. თუმცა სინამდვილეში იმ დროს ზუსტად იმავეს ვფიქრობდი, რასაც ახლა შენ – ცხოვრება დამპალზე უფრო დამპალი მეგონა. მართალია, კატის წიგნები შეიძლება ცოტა ყალბად მოგეჩვენოს, მაგრამ როცა ცდილობ იმაზე ილაპარაკო, თუ რას ნიშნავს, იყო ძალიან ახალგაზრდა, ესეც საჭიროა. კატი არც ისეთი პატარა იყო. წიგნში ის საკმარისად მოწიფული გოგოა. 19-20 წლის რომ ვიყავი, განუწყვეტლივ ვფიქრობდი თავის მოკვლაზე. ერთ გოგოსთან ერთად ვცხოვრობდი, რომელსაც თავის მოკვლა ჩემზე მეტად უნდოდა. არ ვიცი, მისი ზეგავლენის ქვეშ მოვექეცი თუ რა იყო, მაგრამ მაშინ ძალიან ცოტა ფული მქონდა და ამის გამო ძალიან ცუდად ვიკვებებოდი. ასე ხდება ხოლმე სულ. როცა დეპრესიული ადამიანის გვერდით გიწევს ცხოვრება, სიცოცხლეს ხალისით აღარც შენ უყურებ. მოგვიანებით არსებულ რეალობასთან შეგუება ვისწავლე და სიცოცხლეც შემიყვარდა. ახლა, ჩემს მხცოვან ასაკში, მტკიცედ მჯერა , რომ თანამედროვე ადამიანებს – იმის გამო, რომ ჩვენი სამყარო სწორედ ისეთია, როგორიც არის -ზოგადად ძალიან უჭირთ სიხარულის შეგრძნება. მანუგეშებს იმაზე ფიქრი, რომ ახალგაზრდა აღარ ვარ. ღმერთო, ვითომ ეს სიტყვები გაგამხნევებს? ახლაღა დავფიქრდი ამაზე, მაპატიე!”

უკანასკნელ წერილს ასტრიდ ლინდგრენს სარა 2012 წელს წიგნის გამოცემისას წერს, იხსენებს ზოგადად მთელ მიმოწერას და ამბობს, რომ “წიგნში “პეპი სამხრეთის ზღვაში” ბოლო გვერდზე ტომი და ანიკა პეპის სახლის ფანჯარაში იჭყიტებიან. საღამო ხანია. პეპი მარტოდმარტო ჩამომჯდარა ანთებული სანთლის წინ, ასტრიდ, შენ ამბობდი, რომ შენ წერდი ყველასთვის, ვის გულშიცჯერ ისევ ცოცხლობს პატარა ბავშვი: მე ვარ ის ბავშვი, ვინც ცოტა ხნით შემოიჭრა შენს ცხოვრება ში და შენ გვერდით ჩამოჯდა იმ ანთებული სანთლის წინ. და, მინდა გითხრა, რომ არსად წავსულვარ – მე ახლაც იქ ვარ. ”

დამეთანხმებით, რომ ყველა ბავშვს სჭირდება ადამიანი, ვისაც გულს გადაუშლის. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ კი უფრო კონკრეტულად ვიტყვი, ყველა ბავშვს სჭირდება ასტრიდ ლინდგრენი, რომელსაც გულს გადაუშლის.

მადლობა გამომცემლობა “ინტელექტს” და მთარგმნელს, ლიკა ჩაფიძეს. მადლობა, გვანცა ჯობავას , პროექტის წამოწყებისთვის “გაკვეთილების შემდეგ საკითხავი”. მადლობა, ჩემს მეგობარს, ქეთი როპიაკს, რომელმაც გამიღვივა ასტრიდის სიყვარული.
დროებით, შემდეგ ამბამდე!

3 thoughts on “შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ”

  1. დიდი მადლობა თქვენ! შემთხვევით გადავაწყდი ამ ბლოგს და გამიხარდა ასეთი გამოხმაურების წაკითხვა 🙂 იმედი მაქვს, “ომის დღიურებიც” მოგეწონებათ ❤

    1. “ომის დღიურებს” დიდხანს ვეძებდი ინგლისურ ან რუსულ ენაზე. როგორც იქნა ვიპოვნე და არტანუჯის ფეისბუქზეც გადავაწყდი პოსტს ვთარგმნეთო. სულმოუთქმელად ველოდი. წავიკითხე და მომეწონა, მალე დავწერ მაგაზეც ბლოგზე ❤ დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. საოცარ საქმეს აკეთებთ ❤

დატოვე კომენტარი